FDA-ის ისტორიული გადაწყვეტილება: „შავი ჩარჩოს“ გაუქმება და მენოპაუზის ახალი ერა
ავტორი: ქეთევან შავლიაშვილი, MD
2026 წლის დასაწყისში აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) ოფიციალურად გააუქმა მკაცრი „შავი ჩარჩოს“ გაფრთხილება მენოპაუზურ ჰორმონოთერაპიაზე.
ამ გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა 2002 წლის WHI (Women’s Health Initiative) კვლევის მცდარი ინტერპრეტაციით გამოწვეულ ორათწლეულიან გაუმართლებელ შიშს, რომელმაც ქალების მთელ თაობას წაართვა წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თერაპიაზე.
რა გააუქმა FDA-მ და რა დარჩა ძალაში?
პრეპარატების შეფუთვებიდან მოიხსნა უნიფიცირებული გამაფრთხილებელი ჩანაწერები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ძუძუს კიბოსა და დემენციის რისკების შესახებ.
ძალაში დარჩა მხოლოდ ერთი ლოგიკური და მკაცრად აუცილებელი გაფრთხილება: ენდომეტრიუმის კიბოს რისკი — მხოლოდ-ესტროგენის სისტემურ პრეპარატებზე.
კლინიკური ოქროს წესი უცვლელია: თუ ქალს შენარჩუნებული აქვს საშვილოსნო, ესტროგენთან ერთად ენდომეტრიუმის დასაცავად პროგესტერონის დანიშვნა სავალდებულოა.
რატომ იყო 2002 წლის WHI-ის კვლევა მეთოდოლოგიურად ხარვეზიანი?
1990-იან წლებში დაწყებული კვლევის მიზანი იყო შეეფასებინათ ჰორმონოთერაპიის გავლენა ქალის ორგანიზმზე. თუმცა, შედეგების ფართო პოპულაციაზე განზოგადება ფუნდამენტური შეცდომა აღმოჩნდა:
არასწორი ასაკობრივი ჯგუფი: კვლევაში მონაწილე ქალების საშუალო ასაკი იყო 63 წელი. მათი უმრავლესობა იმყოფებოდა მენოპაუზის დადგომიდან 10–15 წლის შემდეგ, როდესაც ორგანიზმში სუბკლინიკური სისხლძარღვოვანი და ნეიროდეგენერაციული ცვლილებები უკვე ჩამოყალიბებული იყო.
ძველი სინთეზური ფორმულაციები: კვლევაში გამოიყენებოდა მხოლოდ ერთი ფიქსირებული, პერორალური (დასალევი) სქემა — ცხენის შარდისგან მიღებული კონიუგირებული ესტროგენები (CEE) და სინთეზური პროგესტინი (მედროქსიპროგესტერონის აცეტატი - MPA).
ესტროგენის მოქმედების მექანიზმი: პრევენცია და არა დაგვიანებული მკურნალობა
ესტროგენს აქვს მულტისისტემური დამცავი ეფექტი, მაგრამ ის არის პრევენციის მძლავრი ინსტრუმენტი და არა უკვე განვითარებული დაავადების სამკურნალო საშუალება:
სისხლძარღვები და გული: ჯანსაღ არტერიაში ესტროგენი ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის (NO) გამოყოფას, ინარჩუნებს სისხლძარღვის ელასტიურობას და აფერხებს ათეროსკლეროზული ფოლაქის ჩამოყალიბებას. თუმცა, როდესაც უკვე დაზიანებულ, ძველი ფოლაქებით დატვირთულ არტერიებში დაგვიანებით ვიწყებთ პერორალურ ჰორმონს, ამან შესაძლოა გამოიწვიოს მატრიქსის მეტალოპროტეინაზების გააქტიურება, ფოლაქის დესტაბილიზაცია და ღვიძლში კოაგულაციური ფაქტორების სტიმულაციით თრომბის წარმოქმნა.
თავის ტვინი და კოგნიცია: ესტროგენი ტვინის მთავარი ბიოენერგეტიკული მარეგულირებელია. მენოპაუზის ადრეულ ეტაპზე ის იცავს ნეირონებს მეტაბოლური სტრესისგან და ამცირებს ამილოიდური ფოლაქების დაგროვებას (რასაც სტენფორდის უნივერსიტეტის ბოლო კვლევაც ადასტურებს). დაგვიანებულ ასაკში დაწყებისას კი ეს ნეიროპროტექტორული ფანჯარა უკვე დახურულია.
ძვლები და კუნთოვანი მასა: ესტროგენი აფერხებს ოსტეოკლასტების აქტივობას, იცავს ქალს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობებისგან და ინარჩუნებს ჩონჩხ-კუნთოვან ფუნქციას.
ძუძუს კიბო და პროგესტერონი: მონაცემები მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ მხოლოდ-ესტროგენით თერაპია არ ზრდის ძუძუს კიბოს რისკს. რისკის მცირედი მატება დაკავშირებული იყო ძველ სინთეზურ პროგესტინებთან, მაშინ როცა თანამედროვე ბუნებრივი მიკრონიზირებული პროგესტერონი ხასიათდება მაღალი უსაფრთხოების პროფილით.
„შესაძლებლობის ფანჯარა“
თანამედროვე მედიცინის მთავარი აღმოჩენა სწორედ დროულ ჩარევაშია:
თუ ჰორმონოთერაპიას ვიწყებთ მენოპაუზის დადგომიდან პირველი 10 წლის განმავლობაში, ან 60 წლამდე ასაკში, როდესაც ქსოვილები ჯერ კიდევ ინარჩუნებს რეგენერაციულ პოტენციალს, თერაპია ავლენს უდიდეს კარდიოპროტექტორულ, ნეიროპროტექტორულ და ძვლის დამცავ ეფექტს და საგრძნობლად ამცირებს საერთო სიკვდილიანობას.
პრეციზიული მედიცინა
ესტროგენი ქალის ორგანიზმის მტერი არასდროს ყოფილა. საფრთხეს ქმნიდა უნიფიცირებული, გაუაზრებელი და დაგვიანებული მკურნალობა.
დღეს, პრეციზიული მედიცინის ეპოქაში, ჩვენ აღარ ვიყენებთ სტანდარტულ, „ყველასთვის ერთნაირ“ სქემებს:
უპირატესობას ვანიჭებთ ტრანსდერმულ ბიოიდენტურ ესტრადიოლს (გელი, პატჩი), რომელიც გვერდს უვლის ღვიძლის პირველად გავლას და არ ზრდის თრომბოზის რისკს.
ვიყენებთ მიკრონიზირებულ პროგესტერონს საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლის უსაფრთხოებისთვის.
თითოეულ პაციენტთან გადაწყვეტილებას ვიღებთ ინდივიდუალური ბიომარკერების, მეტაბოლური პროფილის, გენეტიკისა და გულ-სისხლძარღვთა რისკების ზუსტი სტრატიფიკაციით.
მენოპაუზის მართვაში შიშის ეპოქა დასრულდა. დადგა დრო, ქალის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობაზე ვისაუბროთ ზუსტი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერებით.
გამოყენებული ლიტერატურა / References:
U.S. Food and Drug Administration (FDA). (2026). FDA Approves Labeling Changes to Menopausal Hormone Therapy Products: Removal of Boxed Warnings on Cardiovascular Disease, Breast Cancer, and Dementia. FDA Drug Safety Communications.
Manson, J. E., et al. (WHI Investigators). (2013). Menopausal hormone therapy and health outcomes during the intervention and extended poststopping phases of the Women’s Health Initiative randomized trials.JAMA, 310(13), 1353–1368.
Bruno, J., Shaw, J. S., Hosseini, S. M. H., et al. (2026). Association Between Menopausal Hormone Therapy and Alzheimer Disease Neuropathology.Neurology, 107(5), e218413.
Hodis, H. N., & Mack, W. J. (2022). Menopausal Hormone Replacement Therapy and Reduction of All-Cause Mortality and Cardiovascular Disease: It Is About Time and Timing.The Cancer Journal, 28(3), 208–223.
Canonico, M., et al. (ESTHER Study Group). (2007). Hormone therapy and venous thromboembolism among postmenopausal women: impact of the route of estrogen administration and progestogens.Circulation, 115(7), 840–845.
Fournier, A., Berrino, F., & Clavel-Chapelon, F. (E3N Cohort Study). (2008). Unequal risks for breast cancer associated with different hormone replacement therapies: results from the E3N cohort study.Breast Cancer Research and Treatment, 107(1), 103–111.
Mosconi, L., et al. (2018). Increased Alzheimer's risk during the menopause transition: A 3-year longitudinal brain imaging study.PLoS ONE, 13(12), e0207885.
The 2022 Hormone Therapy Position Statement of The North American Menopause Society (NAMS). (2022). Menopause, 29(7), 767–794.
ავტორის შესახებ:
Ketevan Shavliashvili MD, MBA, PhDc
ქეთევან შავლიაშვილი არის ექიმი, მკვლევარი და Medea Health-ის დამფუძნებელი.
მისი პროფესიული ინტერესებია მენოპაუზის მართვა, ზუსტი მედიცინა, შუახნის ქალთა ჯანმრთელობა და ჯანსაღი დაბერება.