მენოპაუზა და დემენცია: როგორ შევინარჩუნოთ ტვინის ჯანმრთელობა?
ავტორი: ქეთევან შავლიაშვილი, MD
სტატია ეფუძნება ხელმისაწვდომ სამეცნიერო მტკიცებულებებს და არ ცვლის ინდივიდუალურ სამედიცინო კონსულტაციას.
დემენცია და მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა, ალცჰაიმერის დაავადება, მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. დღეისათვის მსოფლიოში 57 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დემენციის დიაგნოზით და პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის ეს რიცხვი 152 მილიონს მიაღწევს. მარტო ამშ-ში კი, 65 წელს გადაცილებული დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი ალცჰაიმერის დაავადებით ცხოვრობს, რომელთაგან თითქმის ორი მესამედი ქალია.
მეცნიერები ამ ფაქტს დიდი ხნის განმავლობაში გენეტიკითა და ქალების შედარებით მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობით ხსნიდნენ. თუმცა, ბოლო წლებში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომ მენოპაუზა შესაძლოა დემენციის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენდეს.
მენოპაუზა, რომელიც კლინიკურად რეპროდუქციული პერიოდის დასასრულად განისაზღვრება, მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს არა მხოლოდ საკვერცხეებში, არამედ თავის ტვინშიც. ქალების უმრავლესობა ამ პროცესს გართულებების გარეშე გადის, თუმცა დაახლოებით 20%-ის შემთხვევაში, ათწლეულების შემდეგ, შესაძლოა დემენცია განვითარდეს.
ქალის ტვინი მდიდარია ესტროგენის რეცეპტორებით, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებიც მეხსიერებას, განწყობას, ძილსა და სხეულის ტემპერატურას აკონტროლებს. აღნიშნული ფუნქციები გამართულად მაშინ მუშაობს, როდესაც ესტროგენის დონე მაღალი და სტაბილურია. ამასთან, ესტროგენი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ტვინის დაბერებისა და დაზიანებისგან დაცვაში.
მენოპაუზის პერიოდში ესტროგენის დონის კლება არა მხოლოდ ცვლის ტვინის გარკვეული რეგიონების მუშაობას, არამედ მის სტრუქტურულ ცვლილებებსაც განაპირობებს. ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ მენოპაუზის პერიოდში ქალის ტვინის მოცულობა მცირდება, როგორც იმავე ასაკის მამაკაცების, ისე პრემენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების ტვინის მოცულობასთან შედარებით. ეს ცვლილებები შესაძლოა პირდაპირ უკავშირდებოდეს მენოპაუზის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა წამოხურებები, განწყობის ცვალებადობა, მეხსიერების გაუარესება და გონებრივი კონცენტრაციის დაქვეითება.
ნეირომეცნიერ ლიზა მოსკონის 2025-2026 წლების უახლესი კვლევები, მათ შორის „ქალთა ტვინის გლობალური ინიციატივის“ (CARE) ფარგლებში მიღებული მონაცემები, აჩვენებს, რომ მენოპაუზის გარდამავალ ეტაპზე ტვინში ენერგიის გამომუშავება საშუალოდ 30%-ით მცირდება. პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის (PET) კვლევებმა აჩვენა მენოპაუზის გარდამავალ პერიოდში ტვინის სტრუქტურულ და მეტაბოლურ მაჩვენებლებში ცვლილებები. ცალკე PET კვლევაში ასევე დაფიქსირდა ესტროგენის რეცეპტორების სიმჭიდროვის ზრდა კონკრეტულ ტვინის ქსელებში, რაც შესაძლოა ესტროგენის ხელმისაწვდომობის კლებაზე ტვინის კომპენსატორულ პასუხს ასახავდეს.მოსკონი აღნიშნავს, რომ ეს ტვინის ფუნქციის „მოშლას“ კი არ ნიშნავს, არამედ მის ნეიროპლასტიკურ ადაპტაციას ახალ ენერგეტიკულ რეჟიმთან, რაც, თავის მხრივ, ზუსტ სამედიცინო მხარდაჭერას საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროცესები გარკვეულწილად ემთხვევა ალცჰაიმერის დაავადების განვითარებისას ტვინში მიმდინარე ცვლილებებს. თუმცა, მათ შორის პირდაპირი კავშირი ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის.
მენოპაუზის ზოგიერთი სიმპტომი, მაგალითად, უძილობა და წამოხურებები, თავისთავად უკავშირდება დემენციის რისკს. 2023 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ ცხადყო, რომ წამოხურებები ტვინში მცირე დაზიანებების რაოდენობის ზრდასთან არის ასოცირებული, რაც ტვინის ჯანმრთელობის გაუარესების მანიშნებელია. უფრო ახალი კვლევები კი მიუთითებს, რომ ღამის წამოხურებების შემთხვევაში იმატებს იმ ბიომარკერების მაჩვენებელიც, რომლებიც ალცჰაიმერის ადრეულ წინაპირობად მიიჩნევა. გარდა ამისა, ძილის ქრონიკული დარღვევები და ჰორმონული დისბალანსი აჩქარებს „ეპიგენეტიკურ საათს“, რაც უჯრედულ დონეზე ორგანიზმის დაბერების პროცესს აჩქარებს.
იწვევს თუ არა მენოპაუზა დემენციას?
არა. მენოპაუზა თავისთავად დემენციას არ იწვევს. თუმცა, ჰორმონული ცვლილებები, ძილის დარღვევა, ვაზომოტორული სიმპტომები და კარდიომეტაბოლური ფაქტორები შესაძლოა გავლენას ახდენდეს ტვინის ჯანმრთელობასა და ინდივიდუალურ რისკზე. მენოპაუზის დროს განვითარებული მეხსიერების ჩივილები ხშირია, მაგრამ ისინი ავტომატურად ნეიროდეგენერაციულ დაავადებას არ ნიშნავს.
როგორ დავიცვათ ტვინის ჯანმრთელობა?
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კვლევები შესაძლოა შემაშფოთებლად ჟღერდეს, უმეტეს შემთხვევაში, მენოპაუზის შემდგომ ქალის ტვინის ფუნქციონირება სრულად სტაბილურდება.
წარმოიდგინეთ, რომ მენოპაუზის გავლა უწევს ყველა ქალს და მათგან 80%-ს დემენცია არ უვითარდება. ჩვენ არ უნდა აღვიქვათ ეს უნივერსალური გარდამავალი პერიოდი კატასტროფად.
კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგადად, დემენციის შემთხვევების 40%-მდე პრევენცია შესაძლებელია. ცხოვრების წესის გარკვეული მოდიფიკაციები – როგორიცაა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, ალკოჰოლის მიღების შემცირება, ძილის ხარისხის გაუმჯობესება და გონებრივ-სოციალური აქტივობის შენარჩუნება – დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალებისთვის კი არსებობს სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს როგორც მოკლევადიან სიმპტომებზე, ისე დემენციის გრძელვადიან რისკზე.
პირველი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: ჰორმონული თერაპია სწორად შერჩეული დროით
წლების განმავლობაში არსებობდა შეშფოთება, რომ მენოპაუზის სიმპტომების სამართავად გამოყენებულ ჰორმონულ თერაპიას შესაძლოა დემენციის რისკი გაეზარდა. თუმცა, უახლესმა კვლევებმა, მათ შორის 50-ზე მეტი ნაშრომის მეტა-ანალიზმა, დაადასტურა, რომ თერაპიის დაწყების დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აღმოჩნდა, რომ მენოპაუზის სიმპტომების დაწყებისთანავე, ადრეულ ეტაპზე გამოყენებული ჰორმონული თერაპია ალცჰაიმერისა და დემენციის რისკს კი არ ზრდის, არამედ, პირიქით, ამცირებს (დოქტორ მოსკონის 2025-2026 წლების გამოქვეყნებული მონაცემებით, დროულად დაწყებული ჰორმონული თერაპია ალცჰაიმერის რისკს საშუალოდ 30-32%-ით ამცირებს).
მართალია, ზოგიერთმა კვლევამ ვერ დაადასტურა, რომ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია უშუალოდ ამცირებს ალცჰაიმერის განვითარების რისკს, თუმცა ცალსახად გამოიკვეთა მისი ეფექტურობა წამოხურებებისა და ღამის ოფლიანობის შემცირების, ასევე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს ყოველივე ტვინის ჯანმრთელობისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ფაქტორებია.
მუდმივი ფიზიკური აქტივობა
ფიზიკური უმოქმედობა ქალებში ნეიროდეგენერაციული დაავადებების გაცილებით უფრო ძლიერი რისკფაქტორია, ვიდრე მამაკაცებში.
ვიცით, რომ ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა დემენციის რისკს ზრდის. ქალები კი, ცხოვრების განმავლობაში, საშუალოდ ორჯერ უფრო ნაკლებად ვარჯიშობენ, ვიდრე მამაკაცები.
2018 წელს ჩატარებულმა 44-წლიანმა კვლევამ, რომელშიც 200-მდე შუახნის ქალი მონაწილეობდა, ცხადყო, რომ მათ, ვისაც მაღალი ფიზიკური აქტივობა ჰქონდა, დემენციის რისკი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. ამასთან, ტვინის სკანირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკურად აქტიურ ქალებში ალცჰაიმერის ბიომარკერები გაცილებით იშვიათად გვხვდება, ვიდრე უმოძრაო ცხოვრების წესის მქონე ქალებში.
ჯანსაღი კვება
ბოლო წლებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კვების გარკვეული მოდელები, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის დიეტა და მასთან ახლოს მდგომი MIND დიეტა, რომლებიც ფოკუსირებულია ბოსტნეულის, ხილის, მარცვლეულის, ცილებისა და ჯანსაღი ცხიმების მიღებაზე, დემენციის შემცირებულ რისკთან არის ასოცირებული როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.
ხმელთაშუა ზღვის დიეტა განსაკუთრებით ეფექტური ინსტრუმენტია, მათ შორის იმ ქალებისთვისაც, რომლებსაც ალცჰაიმერის მაღალი გენეტიკური რისკი აქვთ. გარდა ამისა, შესაძლოა, მცენარეული საკვებით მდიდარი დიეტა ქალებისთვის დამატებითი სარგებლის მომტანიც იყოს – კვლევები აჩვენებს, რომ ნაწლავის გარკვეული ბაქტერიები, რომლებიც ამ საკვებით იკვებებიან, ორგანიზმში ესტროგენის ბალანსის შენარჩუნებას უწყობენ ხელს. მიკრობიომის ეს სპეციფიკური ნაწილი ქმნის ე.წ. ესტრობოლომს (Estrobolome), რომელიც უშუალოდ არეგულირებს ესტროგენის მეტაბოლიზმს და ეხმარება ორგანიზმს ჰორმონული ფონის სტაბილიზაციაში.
ტვინის ჯანმრთელობა პრიორიტეტი უნდა იყოს
შუახნის ასაკში ცხოვრების წესის შეცვლა მარტივი ამოცანა არ არის.
ქალებს ხშირად სოციუმი აიძულებს, რომ შვილები, მშობლები, მეუღლეები საკუთარ თავზე წინ დააყენონ. თუმცა, კრიტიკულად აუცილებელია, რომ ჩვენს საკუთარ ჯანმრთელობასაც სათანადოდ მივხედოთ.
თუ არ ვიზრუნებთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არ გვექნება ტვინის ისეთი ჯანსაღი დაბერების პროცესი, როგორიც გვინდა.
გამოყენებული ლიტერატურა / References:
World Health Organization (WHO). (2021). Dementia Fact Sheet. Global statistics and prevalence.
Alzheimer's Association. (2026). Alzheimer's Disease Facts and Figures.
Mosconi, L., et al. (2024). The Menopause Brain: New Science Empowers Women to Navigate the Transition with Knowledge and Confidence. Avery / Penguin Random House. (CARE Initiative Data).
Hörder, H., Johansson, L., Guo, X., et al. (2018). Midlife cardiovascular fitness and dementia: A 44-year longitudinal population study in women. Neurology, 90(15), e1298-e1305.
Thurston, R. C., et al. (2023). Menopausal Vasomotor Symptoms and White Matter Hyperintensities (Brain Lesions) in Women. Neurology / NAMS (North American Menopause Society) data.
Morris, M. C., et al. MIND diet associated with reduced incidence of Alzheimer's disease. (Dietary research relating to Mediterranean/MIND protocols and cognitive decline).
Baker, J. M., et al. The Estrobolome and gut microbiome's role in estrogen metabolism and stability.
ავტორის შესახებ:
Ketevan Shavliashvili MD, MBA, PhDc
ქეთევან შავლიაშვილი არის ექიმი, მკვლევარი და Medea Health-ის დამფუძნებელი.
მისი პროფესიული ინტერესებია მენოპაუზის მართვა, ზუსტი მედიცინა,
შუახნის ქალთა ჯანმრთელობა და ჯანსაღი დაბერება.